ჩვენ ვეძებთ

თქვენ პოულობთ

დებულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №43

2011 წლის 13 სექტემბერი ქ. ბათუმი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე­სის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნ­ქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის დასაქმების სააგენტო.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავ­ტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი) საშტატო ერთეულით. (31.12.2013 N 34)

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, ,,საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და თან­დართული დებულების შესაბა­მი­სად განახორ­ციე­ლოს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამ­ი­ნის­­ტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადა­ცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

 

მთავრობის თავმჯდომარე                                                               ლ. ვარშალომიძე

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის დასაქმების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ,,სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სა­ჯა­რო სამარ­თლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში.

2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართვე­ლოს კონსტი­ტუ­ციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტი­ტუ­ციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქ­ტე­ბისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, სააგენტო ან­გარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზ­ნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპე­ციალური უფლებაუნარიანობა.

4. სააგენტო კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლე­ბებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელ­წო­დების აღნიშვნით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ი. ჯავახიშვილის ქუჩა №70/72. (28.02.2012 N 11)

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა;

ბ) სამუშაოს მაძიებელი პირების მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება;

გ) სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება;

დ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;

ე) სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება/ორგანიზება სხვადასხვა სფეროში;

ვ) შრომის ბაზრის სისტემატური კვლევა;

ზ) დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა შევსება/განახლება;

თ) საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;

კ) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და საზოგადოებისათვის მიწოდება.

3. სააგენტოს უფლებამოსილებებია:

 ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის დასაქმების უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სამართლებ­რივი აქტების შემუშავება და მიღება;

 გ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხა­დებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

 დ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

 ე) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იური­დიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დად­გე­ნილი მიზნე­ბის მისაღწევად;

 ვ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგ­რამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის;

 ზ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზ­რუნ­ველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

 თ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა;

 ი) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აპარატი;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

გ) ბათუმის განყოფილება;

დ) ქობულეთის განყოფილება;

ე) ხელვაჩაურის განყოფილება;

ვ) ქედის განყოფილება;

ზ) შუახევის განყოფილება;

ე) ხულოს განყოფილება.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი და საქ­მია­ნობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ერ­თეუ­ლების დებულებით (დებულებებით), რომელ­საც სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში –მინის­ტრი).

 

მუხლი 4. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. (14.12.2012 N 38)

2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადით. (14.12.2012 N 38)

 3. სააგენტოს დირექტორის მოადგილე სააგენტოს დირექტორის დავალებით ხელმძღვა­ნელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმარ­თულებებს, სააგენტოს დირექტორის თანხმობით წარმოადგენს სააგენტოს ინ­ტერესებს მესამე პირთან ურთიერთობაში.

 4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებ­ლო­ბისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემ­თხვევაში, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

 

მუხლი 5. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება

 1. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარ­მარ­თავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერ­სონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობ­რივ ხარჯვაზე.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამო­სილებას;

ბ) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკა­ნონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით;

გ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) სააგენტოს სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონო­რებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებუ­ლე­ბე­ბის შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, სააგენტოს მიერ დაფი­ნანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკ­რუ­ლებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამი­ნისტროს;

ვ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამი­ნისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ზ) ხელს აწერს სააგენტოს ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენ­ტებს ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე;

თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეცია­ლის­ტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) ამოღებულია (14.12.2012 N 38)

ლ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების გან­ვი­თა­რე­ბასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ნ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძ­­ლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამ­შრო­მელ­­თა მიერ სამსა­ხუ­რე­ბ­რივი მოვალეობების შესრულებას;

ო) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინის­ტრა­ციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;

პ) შეაქვს წინადადება სამინისტროში სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემო­სავ­ლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ან/და ავტო­ნომიური რესპუბ­ლი­კის ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამო­ყენებაზე;

ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, საორგანიზაციო და ადმინის­ტრა­ციულ ხარჯებს;

რ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზ­ღვრავს მათ უფლე­ბა­მოსილებებს;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამო­სი­ლებებს.

 

მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნოა სამინისტრო.

 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციე­­ლებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და სა­­ფინანსო-ეკონო­მიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს დირექ­ტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს მოთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

 4. სააგენტოს დირექტორი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთ­ხოვ­ნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმია­ნო­ბის, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე

 

მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმე­­დებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახ­სრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარ­ჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილ­­დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. სააგენტოს მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუ­ცი­ლებელია აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნო­მიკის სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებ­­ლად სააგენტოს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროე­ბით სარგებლო­ბა­ში უსასყიდლოდ გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს ფუნქ­ციო­ნი­რე­ბის განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექ­მნი­ლი ქო­ნება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭა­რის ავ­ტონომიურ რესპუბლიკას საკუთ­რე­ბის უფლება.

3. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქარ­­თველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესა­ბა­მისად.

 

მუხლი 9. სააგენტოს ფინანსები

1. სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემო­სავლები;

დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორ­ციელებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, სააგენტოს თანამშ­რომ­ლე­ბის ხელფასების გაცემასა და მატერიალურ წახალისებას. სააგენტოს სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

 

მუხლი 10. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­კი­დე­ბელი აუდიტორი.

 

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდე­ბ­ლობით დადგენილი წესით.

ბმულები