პროექტი: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა''

   უმუშევრობის პრობლემა განაკუთრებული სიმწვავით ვლინდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებში, რომლებიც შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანები არიან და  სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა შესაბამისი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებით ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს; უზრუნველჰყოს მათი პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია, საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და  უნარების განვითარების და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენის მიზნით.

 ამ მხრივ, 2016 წლიდან დასაქმების სააგენტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით “განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ სააგენტოსთან პარტნიორობით ანხორციელებს პროექტს - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“. აღნიშნული პოექტის ფარგლებში პირველად საქართველოში, შემუშავებულ იქნა შშმ პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასების ინსტრუმენტი (მეთოდოლოგია). განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან შეთანხმების საფუძველზე დასაქმების სააგენტომ ვალდებულება აიღო  პროგრამის დასრულების შემდგომ,  აღნიშნული მოდელის იმპლემენტირება განახორციელოს მასთან. 

 სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველად ჩატარდა შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, რომლეშიც მონაწილეობდა  17 სხვადასხვა  დამსაქმებელი ორგანიზაცია. კომპანიებმა სულ 42 ვაკანსია წარმოადგინეს. საამისოდ ბაზაში დარეგისტრირებული 82 ბენეფიციარიდან  შეირჩა 47, რომლებიც დამსაქმებელთა ვაკანსიების მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ფორუმის შედეგად დასაქმდა   11 შშმ პირი,  ამათგან ერთმა ჯერ გაიარა ანაზღაურებადი სტაჟირება და შემდეგ დასაქმდა. ამავე  თანამშრომლობის შედეგად 2016 წელს დასაქმდა 30 შშმ პირი; ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო  12, რომელთაგან 5 დასაქმდა; არაფორმალურ, ფორმალურ და პროფესიულ პროგრამებში რეფერირებულია  7 ბენეფიციარი; კარიერული გადამზადების კურსი გაიარა 28 შშმ პირმა; 27 დამსაქმებელი დაესწრო სტიგმასა და სამუშაო ეთიკასთან დაკავშირებულ ტრეინგებს; შშმ პირთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესახებ ინფორმირებულობის მიზნით, გაიმართა შეხვედრები მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და  დასაქმების ადვოკატირებისა  და ლობირების მიზნით შეიქმნა მრჩეველთა საბჭო და გაიმართა 3 შეხვედრა. 2017 წლის 11 მაისს სასტუმრო ჰილტონში შშმ პირთა დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. 

   ამავე პროექტის ფარგლებში თებერვალსა და მარტში ტრენინგი გამართა თემაზე: ,,შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული დასაქმების სერვისი’’. ტრენინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.