პროფესიების სისტემატიზაცია/კლასიფიკაცია ჰოლანდის მეთოდით

პროფესიათა კლასიფიკაცია, პროფესიული ორიენტაციის  ინფორმაციული კომპონენტია და მისი გაცნობით პიროვნება ღებულობს პირველად, მაგრამ მნიშვნელოვანი ცოდნას სამუშაოს ობიექტურ მახასიათებლებისა და მომუშავისათვის აუცილებელ ფსიქოლოგიური მონაცემების შესახებ. კლასიფიკაციის კრიტერიუმი უნდა იყოს დიქოტომიური (გაორებული) და ეფუძვნებოდეს პიროვნების ფსიქოლოგიურ სტრუქტურას და პროფესიის მეცნიერული შესწავლით მოპოვებულ ძირითად მონაცემებს. სწორედ ამით განისაზღვრება პროფესიათა სისტემატიზაციის ინფორმაციული ღირებულება. 

არსებული პროფესიებისა და ცალკეული სპეციალობების რაოდენობის გათვალისწინებით (40 ათასამდე სპეციალობა და 20 ათასზე მეტი პროფესია) რთულია პროფესიათა სისტემაზია. ამასთანავე, პროფესიები იქმნება, იცვლება და ქრება, რაც ასევე მნიშვნელოვნად ართულებს კლასიფიკაციას. ცნობილია, რომ პროფესიათა განსხვავებულობამ განაპირობა მათი სისტემატიზირების მცდელობა, სხადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე. არსებობს. არაფსიქოლოგიური კლასიფიკაცია (სამრეწველო, სატრანსპორტო, მანქანურ, ავტომატიზირებულ და სხვა), რომლის კრიტერიუმია დარგები, შრომის ობიექტები, საშუალები და ა. შ.  ხოლო, ფსიქოლოგიური კლასიფიკაციის კრიტერიუმად აღიარებულია მომუშავის უნარების პროფესიის სტრუქტურასთან შესაბამისობა. აღნიშნული კლასიფიკაცია ფსიქოტექნიკის წიაღიდან იღებს სათავეს (ჰ. მიუნსტენბერგი, ო. ლიპმანი), როცა ჯერ კიდევ არ იყო დამუშავებული პროფესიისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულების საკვანძო ფსიქოლოგიური საკითხები (შრომის მოტივაციები, პროფესიის მოხოვნები და სხვა).  თუმცა, შრომის ეფექტურობის ფაქტორების (ინტელექტი, ნებისყოფა) მიხედვით, აღმოჩნდა  პროფესიული კონსულტაციის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კალსიფიკაცია.

პროფესიების კლასიფიკაციის ადრეული ვარიანტები დაფუძვნებულია პროფესიის ობიექტურ მახასიათებლებსა და მომუშავე პერსონალის ერთობლიობის ცალკეულ ფორმებზე და არა სისტემაზე.  მაგალითად, ო. ლიპმანის კლასიფიკაცია დაფუძვნებულია ინტელექტისა და ფანტაზიის ფაქტორზე; ჰ. მიუნსტებერგის კალსიფიკაცია-სამუშაოს ანალიზურობა-სინთეზურობაზე; როდმენისა და კლაპარედის კლასიფიკაცია- პიროვნების ტიპოლოგიურ თავისებურებებზე და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კალსიფიკაციის ადრეული ვარიანტები ეფუძვნებოდა არა პროფესიისა და მომუშავის ფსიქოლოგიური მახასსიათებლების ობიექტურ ანალიზს,  არამედ გამოცდილებისა და ჯანსაღი აზრით მოპოვებულ ცოდნას.

ამერიკელი ფსიქოლოგის ჯ. ჰოლანდის მიერ დამუშავებული პროფესიათა კალსიფიკაციის ცნობილი მოდელი (1966-1968)   პროფესიის არჩევის და პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებათა თეორიების ერთიანობაზეა დამყარებული.  ჰოლანდის თეორიის მიხედვით ქცევის წარმატება მნიშვნელოვნად განისაზღვრება პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლებით, კერძოდ: მიდრეკილებებით, ღირებულებებით, ინტერესებით, განწყობებით, მოტივებით და მათი პროფესიასთან შესატყვისობით. ფსიქოლოგიურ თავისებურებათა პროფესიის ტიპებთან და კატეგორიებთან შესაბამისობის გამო, აღნიშნული კლასიფიკაცია შესაძლებელია პროფესიული დიაგნოსტირების კრიტერიუმადაც იქნას გამოყენებული.

"ჯ. ჰოლანდის თეორიის მიხედვით პროფესიული შრომის წარმატება, სამუშაოთი კმაყოფილება, პირველ რიგში, დამოკიდებულია პიროვნების ტიპის იმ პროფესიულ გარემოსთან შესატყვისობაზე, რომელიც იქმნება ანალოგიური პოზიციების, პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებებისა და ქცევის ადამიანების მიერ."-ე.ფ. ზეერი 

. ჰოლანდის თეორიის მიხედვით, პიროვნების მიდრეკილებების ძირითადი კომპონენტების - ღირებულებულებათა ორიენტაციის და ინტერესების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, პიროვნების ტიპსა და პროფესიის ტიპს შორის კავშირის გათვალისწინებით არსებობს პროფესიული ორიენტაციის ექვს ტიპს:

  • რეალისტური (რეალ/რ)
  • ინტელექტუალური/კვლევითი (ინტელ/კ)
  • სოციალური (სოც/ს)
  • კონვენციონალური/საკანცელარიო (კონ/ნ)
  • ინიციატივიანი (ინც/ი) 
  • მხატვრული/შემოქმედებითი (მხატ/შ)

თითოეული ტიპის დასახასიათებლად ჰოლანდს  გამოყენებული აქვს შემდეგი პარამეტრები:

  • პიროვნების ხასიათისა და ინტელექტის გარკვეული წყობა
  • ქცევის გარკვეული სახეობის უნარი
  • საქმიანობის გარკვეული სახეობისადმი მიდრეკილება
  • გატაცებების შინაარსები
  • პროფესიული შესაძლებლობები

გარდა ამისა, კლასიფიკაციაში მითითებულია ტიპის პიროვნული ნიშნების, უნარების, მიდრეკილებების მიმართებები პროფესიული გარემოსა და უშუალოდ პროფესიებზე. 

აღწერა

რეალისტური ტიპის ადამიანებს მოსწონთ ისეთი საქმიანობები, რომლის შესასრულებლად პროდუქტიულობა და პრაქტიკულობაა საჭირო და  მოითხოვს სამუშაოს ხელით შესრულებას, შენობის გარეთ მუშაობას ან ფიზიკურ აქტივობას. ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პროდუქტიულობა და პრაქტიკულობა.

 

პოროვნული თავისებურებები და უნარები 

რეალისტური ტიპის ადამიანები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით: აქტივობა, თავდაჯერებულობა, შეუპოვრობა, პრაქტიკულობა და პრაქტიკული აზროვნება, ანგარიშიანობა, პატიოსნება, მომჭირნეობა, კონფორმულობა, თავმდაბლობა, ზომიერება, სიმორცხვე, პრინციპულობა, გულწრფელობა, რაციონალურობა, კარგი კოორდინირებულობა, სივრცითი წარმოსახვა, ტექნიკური უნარები. როგორც წესი, მათ გააჩნიათ მექანიკური უნარ-ჩვევები, მაგრამ აკლიათ სოციალური შესაძლებლობები, შესაბამისად, თავს არიდებენ ადამიანებთან ურთიერთობას.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

რეალისტური ტიპის ადამიანებს აინტერესებთ ისეთი აქტივობები და პროფესიები, რომლებიც მანქანა-დანადგარების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების გამოყენებას გულისხმობს.  მათთვის პრიორიტეტულია  კონკრეტულ რეზულტატი, აწმყო მოვლენები და საგნები, მათი პრაქტიკული გამოყენება, საქმე  რომელიც საჭიროებს ფიზიკურ განვითარებასა და სიმარჯვეს.

 

პროფესიულიგარემო

რეალისტური ტიპის პროფესიები, როგორც წესი, მოითხოვს ფიზიკურ ძალას, გამძლეობას, მექანიკურ უნარებს, საგნებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარებს, მოხერხებულობასა და პრაქტიკულ აქტივობას. ამგვარი ტიპის პროფესიებში წახალისებას ექვემდებარება წესების მკაცრი დაცვა, პროდუქტიულობა, პრაქტიკული მიღწევები და მუშაობის გაბედული სტილი. შესაბამისი პროფესიული გარემოა- ტექნიკა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო საქმე.

 

პროფესიები

ელექტრიკოსი, მექანიკოსი, ინჟინერი, მშენებელი,  ფერმერი, აგრონომი, მებაღე, ტოპოგრაფი, დურგალი, მძღოლი და სხვა.

აღწერა

ინტელექტუალური/კვლევითი ტიპის ადამიანებს მოსწონთ ისეთი საქმიანობები, რომლებიც კომპლექსური მეცნიერული პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის გზების ძიებას, საგნებისა და მოვლენების შესწავლას თუ გაგებას მოითხოვს.

 

პიროვნულითავისებურებები და უნარები

ინტელექტუალური/კვლევითი ტიპის ადამიანები ხასიათსებიან შემდეგი თვისებებით: დამოუკიდებელობა, ანალიტიკურობა, ინტელექტუალურობა, მოკრძალებულობა, სიფრთხილე, ინტრავერსია, სიზუსტე, თანმიმდევრულობა, რაციონალიზმი, კრიტიკულობა, ცნობისმოყვარეობა, თავშეკავება. ანალიზური გონება, დამოუკიდებლობა და ორიგინალურობა მსჯელობაში, ენობრივი და მათემატიკური უნარების ჰარმონიული განვითარება, კრიტიკულ აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის უნარი, ინტენსიური შინაგანი ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა.

 

მიდრეკილება და პრიორიტეტი

ინტელექტუალური/კვლევითი ტიპის ადამიანებს  აინტერესებთ ისეთი აქტივობები და პროფესიები, რომლებიც მოითხოვს კვლევა-ძიებას, ანალიზს, პრობლემის გადაჭრას და გონებრივ მუშაობას. უმეტესწილად, გააჩნიათ მათემატიკური ან მეცნიერული კვლევის უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიდერის თვისებებს. შესაბამისად, შეიძლება, მენეჯერული ტიპის სამუშაო ნაკლებად იზიდავდეთ. მათთვის პრიორიტეტულია იდეები, თეორიულ ღირებულებები, გონებრვი შრომა, აბსტრაქტული აზროვნების საჭიროების ინტელექტუალურ და შემოქმედებით ამოცანების გადაწყვეტა, ქცევის კავშირ - ურთიერთობა, ურთიერთობის ინფორმაციულ ხასიათი.

 

პროფესიულიგარემო

ინტელექტუალური/კვლევითი ტიპის პროფესიები, უმეტესწილად, მოითხოვს ანალიტიკურ, მეცნიერულ, ტექნიკურ უნარებს, წერით და ვერბალურ აქტივობას, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ აზროვნებას. ამ ტიპის პროფესიებში წახალისებას ექვემდებარება ინფორმაციის ანალიზი და ახსნა პრობლემის გადაჭრის მიზნით, მოვლენების შესწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და გამოყენება, საკითხების წერილობით გადმოცემა და ა.შ. შესაბამისი პროფესიული გარემოა-მეცნერება.

 

პროფესიები

ინტელექტუალური/კვლევითი ტიპის პროფესიებს მიეკუთვნება ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, პროგრამისტი, ფსიქოლოგი და სხვა. 

აღწერა

სოციალური ტიპის ადამიანებს მოსწონთ ისეთი საქმიანობები, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევთ დაეხმარონ, ასწავლონ, მოემსახურონ სხვებს და იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე.

 

პიროვნულითავისებურებები და უნარები 

სოციალური ტიპის ადამიანები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით: ადამიანებთან ურთიერთობის, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის უნარიანობა, აქტიურობა, გარემოსა და საზოგადოების შეხედულებაზე დამოკიდებულობა, შეგუებადობა,  ემოციებზე და გრძნობებზე დაყრდნობით პრობლემის გადაწყვეტა, ენების ადვილად ათვისების უნარი. არის მეგობრული, მომთმენი, ტაქტიანი, დამაჯერებელი, იდეალისტი, კეთილშობილი, პასუხისმგებლიანი, დამხმარე, თბილი, კომუნიკაბელური, კეთილი, თანაგრძნობის უნარის მქონე, თავაზიანი.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

სოციალური ტიპის ადამიანებს აინტერესებს და მოსწონთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია სხვების მოსმენასთან, სწავლებასთან, რჩევასთან, სამართლიანობის დაცვასთან, სოციალურ მომსახურებასთან და ა.შ. როგორც წესი, მათ აქვთ ინტერპერსონალური, თანაგრძნობის, სხვებისათვის კონსულტაციის გაწევის უნარი, თუმცა მოკლებულნი არიან ტექნიკური და მექანიკური ტიპის შესაძლებლობებს. შესაბამისად, ნაკლებად მოსწონთ ისეთი პროფესიები, რომლებიც ფიზიკურ მუშაობასთან, ძალისმიერ აქტივობასთან ან ტექნიკური ხასიათის დავალებების შესრულებასთანაა დაკავშირებული. მათთვის პრიორიტეტულია ურთიერთობები, გარშემომყოფთან კონტაქტის დამყარება, სწავლებასა და აღზრდისადმი მიდრეკილება, ინტელქტუალური პრობლემებისაგან განრიდება.

 

პროფესიულიგარემო

სოციალური ტიპის პროფესიები მოითხოვს სხვებზე ზრუნვის, სხვებისთვის სწავლების, დახმარების გაწევის, სხვების პრობლემების მოგვარების უნარებს. ამ ტიპის საქმიანობებში წახალისებადია თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, მომრიგებლობა, კომუნიკაბელურობა, სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, სოციალური აქტივობა და ა.შ. შესაბამისი პროფესიული გარემოა-განათლება; ჯანდაცვა; სოცუზრუნველყოფა;მომსახურება; სპორტი;

 

პროფესიები

ექიმი, პედაგოგი, სოციალური მუშაკი, კონსულტანტიდა სხვა.

აღწერა

კონვენციონალური/საკანცელარიო  ტიპის ადამიანებს მოსწონთ დაგეგმილი, ორგანიზებული, დადგენილი წესებით განსაზღვრული და გარკვეულ სტანდარტებს დაქვემდებარებული საქმიანობები.

 

პიროვნულითავისებურებები და უნარები 

კონვენციონალური/საკანცელარიო ტიპის ადამიანები ხასიათდება შემდეგი თვისებებით: თავშეკავება, შრომისმოყვარეობა, შემგუებელობა, მორჩილება, კეთილსინდისიერება, პრაქტიკულობა, სიფრთხილე, მოწესრიგებულობა, მომჭირნეობა, სიმარჯვე, პატივმოყვარეობა, მონდომება, რიცხობრივი ინფორმაციის გადამუშავების უნარი, პრობლემებისადმი სტერეოტიტული მიდგომა, სხვაზე დამოკიდებულება, კონსერვატული ხასიათი, ჩვეულებების მიმდევრობა, შემსრულებლობა,  მათემატიკური უნარის სიჭარბე, წარმოსახვის ნაკლებობა.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი 

კონვენციონალური/საკანცელარიო ტიპის ადამიანებს აინტერესებს და  მოსწონთ ისეთი აქტივობები, რომლებიც სიზუსტეს, მოწესრიგებული რუტინითა და გაწერილი გეგმებით ხელმძღვანელობას მოიცავს. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ საკანცელარიო და ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებითობას. შესაბამისად, ნაკლებად იზიდავთ ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები. მათთვის პრიორიტეტულია წესრიგი, საქმიანობის ზუსტი განრიგი, ინსტრუქციით მუშაობა, გაურკვეველი სიტუაციების, სოციალური აქტივობის და ფიზკური დაძაბულობის თავის არიდება, ხელმძღვანელის პოზიციის გაზიარება.

 

პროფესიულიგარემო

კონვენციონალური/საკანცელარიო სფეროს პროფესიები, უმეტესწილად, მომუშავისგან სიზუსტეს, რიცხვებთან, ტექნიკასთან და/ან დოკუმენტაციასთან მუშაობას, დადგენილი მითითებების, წესების დაცვას და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია სიფრთხილე, მოწესრიგებულობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. წახალისებას ექვემდებარება კონფორმულობა, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამოყენება, პუნქტუალურობა, თავაზიანობა, წესრიგზე ზრუნვა და ა.შ. შესაბამისი პროფესიული გარემოა- ეკონომიკა; აღრიცხვა; ბუღალტერია; საქმის წარმოება.

 

პროფესიები 

ბუღალტერი, ფინანსისტი, ეკონომისტი, კანცელარიის მოსამსახურე, არქივარიუსი და სხვა.

აღწერა

ინიციატივიანი  ტიპის ადამიანებს მოსწონთ ისეთი საქმიანობები, რომლებიც სხვების მართვას, მათ ქცევაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ დარწმუნებას და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მოიცავს.

 

პიროვნულითავისებურებები და უნარები

ინიციატივიანი ტიპის ადამიანები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით: ენერგიულობა, იმპულსურობა, ენთუზიაზმი, აგრესიულობა, რისკიანობა, ოპტიმიზმი, თვითდაჯერებულობა, ენების ადვილად ათვისების უნარი, კარგი ორგანიზაციული თვისებები. ინიციატივიანი ტიპის ადამიანი არის ენერგიული, კომუნიკაბელური, ექსტრავერტი, პატივმოყვარე, გონებამახვილი,   სასიამოვნო, პრეზენტაბელური, რისკიანი, გაბედული, მატერიალისტი.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი 

ინიციატივიანი ტიპის ადამიანებს  მოსწონთ ისეთი აქტივობები, რომლებიც სხვების მართვას, დარწმუნებას, რაიმეს გაძღოლას, დაგეგმვას, კოორდინირებას, მაღალ პასუხისმგებლობას, აქტიურობასა და ინიციატივის გამოჩენას უკავშირდება. როგორც წესი, მათ გააჩნიათ ლიდერის მონაცემები, მაგრამ მოკლებულნი არიან მეცნიერული კვლევის უნარს. ასე რომ, ნაკლებად აინტერესებთ კვლევითი, ანალიტიკური და სამეცნიერო საქმიანობა. მათთვის პრიორიტეტულია  ლიდერობა; ხელმძღვანელობა; ძალაუფლება; პირადი სტატუსი; დიდი ჯაფისა და ბეჯთობის, მოტორული ჩვევვებისა და ყურადღების კონცენტრირების საჭიროების საქმიანობებისაგან თავის არიდება; ეკონომიკითა და პოლიტიკით დაინტერესებულობა.

 

პროფესიულიგარემო 

ინიციატივიანი ტიპის პროფესიები, როგორც წესი, მოითხოვს სხვებზე ზემოქმედების მოხდენას, სხვების მუშაობის ხელმძღვანელობას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ინიციატივის გამოჩენას საქმეში, დომინანტურობას, თავდაჯერებულ, გაბედულ მოქმედებას, ფინანსურ თუ გაყიდვების სფეროში ადამიანების დარწმუნებას და ა.შ. წახალისებადია ამბიციურობა, ძალაუფლებაზე ორიენტირებული ქცევის სტილი, ფინანსური წარმატების მიღწევისკენ სწრაფვა.

 

პროფესიები

ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მენეჯერი, დირექტორი, განყოფილების გამგე, ჟურნალისტი, რეპორტიორი, დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი და სხვა. 

აღწერა

მხატვრული/შემოქმედებითი ტიპის ადამიანებს მოსწონთ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც მოითხოვს პიროვნული ინდივიდუალობის, ემოციის გამოხატვასა და ინტელექტუალურ აქტივობას წერის, მუსიკის, ხელოვნების სხვა დარგების საშუალებით.

პიროვნულითავისებურებები და უნარები

მხატვრული/შემოქმედებითი ტიპის ადამიანები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით:  წარმოსახვა და ინტუიცია, ემოციურობა, იმპულსურობა, დამოუკიდებელობა, გულღიაობა, იდეალისტურობა,  სირთულე,  მოუწესრიგებლობა, ექსპრესია,  ორიგინალური და მოწნილი აზროვნება, კარგი მოტორული უნარები და აღქმები.

მიდრეკილებადა პრიორიტეტი 

მხატვრული/შემოქმედებითი ტიპის ადამიანებს  აინტერესებთ და იზიდავთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: წიგნების კითხვა, სამხატვრო, სამუსიკო საქმიანობები, წერა და ა.შ; როგორც წესი, გააჩნიათ შემოქმედებითი შესაძლებლობები, მაგრამ მოკლებულნი არიან საკანცელარიო უნარებს. შესაბამისად, არ მოსწონთ და უჭირთ რუტინული, მკაცრი წესებით განსაზღვრული, დოკუმენტებთან დაკავშირებული საქმის კეთება.მათთვის პრიორიტეტულია ემოციები და გრძნობები, თვითგამოვლინება, შემოქმედებითი საქმიანობა, განრიდება საქმიაობისგან, რომელიც საჭიროებს ფიზიკურ ძალას და რეგლამენტირებულ სამუშაო დროს, ტრადიციებისა და წესების მიმდევრობა.

პროფესიულიგარემო 

მხატვრული/შემოქმედებითი ტიპის პროფესიები, მოითხოვს შემოქმედებით აქტივობებს, ემოციურ გამომხატველობას, ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელებას, როგორებიცაა: ხატვა, სიმღერა, წერა და ა.შ. ამ სფეროში წახალისებადია კრეატულობა, ახლის შექმნასთან დაკავშირებული, წარმოსახვაზე დაფუძნებული აზროვნება და შემოქმედებითი მუშაობა მუსიკაში, ლიტერატურაში, (მაგ. დრამატურგიაში), სკულპტურაში და ა.შ. შესაბამისი პროფესიული გარემოა-სახვითი ხელოვნება; მუსიკა; ლიტერატურა;

პროფესიები

მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი, მსახიობი, რეჟისორი, დიზაინერი და სხვა.